„გვეუბნებიან: მერე რა, რომ თქვენ რეჟიმი მოიშორეთ, ჩვენ გვინდა და ამ რეჟიმს დავაბრუნებთო” – ნანა კაკაბაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებს
„გვეუბნებიან: მერე რა, რომ თქვენ რეჟიმი მოიშორეთ, ჩვენ გვინდა და ამ რეჟიმს დავაბრუნებთო“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაკაბაძის თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს, რაც გაუგონარი სითავხედეა.
„დღევანდელი პრესკონფერენცია ჩემთვის ძალიან მძიმეა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანა ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდა. ფაქტია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ფაქტობრივად, ფარდის ჩამოხსნა, იმის აღიარება იყო, რომ, თურმე, ყველა იმ საშინელების უკან, რომელსაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეწეოდა, კოლექტიური „ცეკა“, ანუ ევროპა და ამერიკა იდგა. მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ, თურმე, ეს 9-წლიანი რეჟიმი, რომელიც ქართველმა ხალხმა სისხლის და ბრძოლის ფასად მოიშორა, კარგი ყოფილა. ეს მმართველობა თურმე კარგი, დემოკრატიული ყოფილა და ის რაც დღესაა შექმნილი, თურმე, ცუდი მმართველობაა. თანაც ამას ევროპარლამენტი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს, რაც აბსოლუტურად გაუგონარი სითავხედეა. ვინ, თუ არა ევროპარლამენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი თავის ხელისუფლებას ისე ირჩევს, როგორც დანარჩენი მსოფლიო და ქართველ ხალხს ხელისუფლება წარმოადგენს. მათ ასევე გადასარევად იციან, რომ სწორედ ეს ქართველი ხალხი იყო, რომელმაც 9- წლიან რეჟიმზე უარი თქვა და მას სისხლიანი რეჟიმის სახელი მიანიჭა. გვეუბნებიან, რომ, თურმე, ეს 9 -წლიანი რეჟიმი ყოფილა კარგი მმართველობა. იყო თვალთვალი, მიყურადება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება, რომელიც ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, ელჩებმა თავიანთი თვალით იხილეს. 2013 წელს შსს-ში უყურეს. მათ ყველაფერი თავიანთი თვალით ნახეს, თუ რაც იყო ამ ქვეყანაში მოპოვებული კასრებში, ასევე, შსს-ში დატოვებული მასალები, რომელიც პირდაპირ ასახავდა იმას, რომ ხელისუფლება გადართული იყო თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებაში შეჭრით, კადრების შეგროვებით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმ სისხლიან 9 წელზე, რომელსაც თან 150-ზე მეტი ადამიანის, ახალგაზრდა ბიჭის ქუჩაში მკვლელობები ახლდა. მათ ამას კარგი მმართველობა დაარქვეს. ე.ი ამ კარგი მმართველობის უკან ეს კოლექტიური „ცეკა“ იდგა. მათ, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს უკვე თვითონვე უთხრეს, რომ დიახ, ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენი მტერია. თუ ჩვენ ვერ გამოგიყენებთ იმ საზარბაზნე ხორცად, რომლადაც თქვენი გამოყენება გვინდა, მაშინ ტყვიის გარეშე ომს გამოგიცხადებთო. ვეცდებით, ხელისუფლება შეგიცვალოთ და ისეთი ხელისუფლება მოგიყვანოთ, როგორიც ჩვენს ინტერესებშიაო. თურმე, დემოკრატია მათთვის მხოლოდ ფასადი ყოფილა და რეალობა ყოფილა ის, რასაც ახლა თავიანთ რეზოლუციაში წერენ. გვეუბნებიან, მერე რა, რომ თქვენ რეჟიმი მოიშორეთ, ჩვენ გვინდა და ამ რეჟიმს დავაბრუნებთო“, – განაცხადა კაკაბაძემ.
კაკაბაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლით გათავისუფლების საკითხს ეხება.
„ამ რეალობის წინაშე ვდგავართ: დღეს ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესონ, ფაქტობრივად, რისთვის – იმის გამო, რომ მან ამ სისხლიანი რეჟიმის გადაგდებაში მონაწილეობა მიიღო, ქართველი ხალხის მხარეს დადგა, ამისთვის უნდა დაისაჯოს და სააკაშვილი, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქე აღარაა, თავისი ნებით თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, დღესაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა, თურმე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე უნდა გათავისუფლდეს. ასეთი კანონმდებლობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ არსებობს. ასეთ მუხლს არცერთი ქვეყნის სამართალი არ ითვალისწინებს. ჩვენ გვეუბნებიან, მერე რა, რომ ეს კანონის მიღმა მოთხოვნაა, თქვენ ეს უნდა გააკეთოთო. დღეს გვეუბნებიან, რომ მათ უნდათ ასე: რომ მიშა იყოს გარეთ, ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას პროვოცირებდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 80 %-ის ოკუპანტის ყურმოჭრილი მონა არაა
ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებს. ისტორიის მანძილზე არჩევანის გაკეთება ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის გვიხდებოდა. დღეს იმ რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, ხოლო 80 % ოკუპირებული აქვს ამ ე.წ. დასავლურ ძალას. ჩვენ დავრჩით ოკუპაციის ქვეშ. არ ვართ დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. დღეს გვმართებს ძალისხმევის გამოჩენა, იმისათვის, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდეთ. ერთი მხრივ, ჩვენი ტერიტორიებს 20 % დავიბრუნოთ და მეორე მხრივ, იმ დამპყრობლისგან გავთავისუფლდეთ, რომელსაც დაპყრობილი აქვს 80 %, რომელიც გვკარნახობს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ვაკეთოთ. უფრო მეტიც, ისინი გვეუბნებიან, რომ საქართველო სჭირდებათ ტერიტორიად, მათ ქართველი ხალხი არ სჭირდებათ, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ ომს პროვოცირებენ. ეს ომი სხვა არაფერია, თუ არა გაჟლეტის და საქართველოს გადაშენების ფორმულა.
ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი, რაც ხელისუფლების მხრიდან უნდა გადაიდგას, რეფერენდუმია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა გზას უნდა დავადგეთ: გვინდა, თუ არა ასეთ კავშირებში ყოფნა, საბჭოთა კავშირი იყო ეს, თუ ევროკავშირია. საერთოდ, ასეთ კავშირებში ყოფნა საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად მომგებიანი და სასარგებლოა“, – განაცხადა კაკაბაძემ.