საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთმა მუსიკალურმა ფესტივალმა “კუბანამ” გადმოინაცვლოს

  ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალ ,,კაზანტიპის” შემდეგ საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთმა ცნობილმა მუსიკალურმა ფესტივალმა გადმოინაცვლოს. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი „კუბანა“ კრასნოდარის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე წელს, 14–19 აგვისტოს უკანასკნელად გაიმართება. ამასთან, ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიური ღონისძიება საქართველოში ჩატარდეს. რუსული მედიის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ასეთი ფორმატის ფესტივალის ჩატარება ფედერაციის მეზობელ ქვეყანაში, მაგალითად, საქართველოში, ან აფხაზეთში, „კუბანას“ პროდიუსერმა ილია ოსტროვსკიმ უპასუხა – „საქართველო – ერთმნიშვნელოვნად, დიახ“. როგორც „კუბანას“ ორგანიზატორები აცხადებენ, კრასნოდარში ფესტივალის გამართვაზე უარის თქმა პოლიტიკური ვითარების გამო მოუხდათ. მათი თქმით, ბევრმა მუსიკოსმა, მათ შორის ჯგუფებმა კანადიდან, ამერიკიდან და შვედეთიდან ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვეს. რუსული მედიის მტკიცებით, მუსიკოსებმა გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინიდან უკვე გადმოვიდა ფესტივალი „კაზანტიპი“, რომელიც ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები