რუსეთის სპეცსამსახურები პუტინის ექსკრემენტებს აგროვებენ და ინფორმაციას ასაიდუმლოებენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოგზაურობის დროს მისი ექსკრემენტების შეგროვებასა და მოსკოვში დაბრუნებაზე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოფიცერია პასუხისმგებელი.
ამის შესახებ ფრანგული გაზეთი – Paris Match-ი წერს.
სტატიაში სათაურით: “პუტინი ავადაა: ჭორები თუ სიმსივნე?” ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სიფრთხილის ასეთი ზომები მიიღება პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და “მისი შესაძლო მკურნალობის კვალის” გასაიდუმლოების მიზნით.
სტატიის ავტორების თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ექსკრემენტების შეგროვების პრაქტიკა უკვე 2017 წლის მაისიდან გამოიყენება – მაშინ, როდესაც პუტინი ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდებოდა.
მანამდე, გამოცემა Proekt-ი წერდა, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე პუტინს მოგზაურობისას თან ახლდა რუსეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი, რომელთა შორის იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალისტი. ამ პორტალის ცნობით, მხოლოდ სოჭში ის პუტინთან, სულ მცირე, 35-ჯერ ჩაფრინდა.