ანა ნაცვლიშვილი: მსახურობდე ჯარში, განსაკუთრებით ოკუპირებულ სახელმწიფოში, ეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინებაა

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ჯარისკაცებს, კაპრალებს, ოფიცრებს და გენერლებს ქვეყნის მიმართ მათი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დავიწყო მადლობით თითოეული ჯარისკაცის, კაპრალის, ოფიცრის, გენერლის და მათი ოჯახის მიმართ. იმიტომ, რომ მსახურობდე ჯარში, განსაკუთრებით ოკუპირებულ სახელმწიფოში, ეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინებაა. ცხადია, პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღის ხელში ჭერით არ გამოიხატება, ჩვენ ყველა ჩვენ წილს ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჯარისკაცობა მაინც განსაკუთრებული სიმამაცე და პატივია.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რომ იზიარებს ამ სულისკვეთებას, ეს ყველა აზრის გამოკითხვაში მოსჩანს. მაგალითად, ჩვენ, პარლამენტს გვაქვს ძალიან დაბალი საზოგადოებრივი ნდობა და რეიტინგებში ყოველთვის ლიდერობს ჯარი. ეს  ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა განწყობა აქვს ქართულ საზოგადოებას ქართული ჯარის მიმართ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ პასუხობს იმ საჭიროებებს, რასაც ჯარი მოითხოვს.

დეპუტატის შეფასებით, ბოლო პერიოდში წარმოებულმა კამპანიამ ჯარისკაცების საბრძოლო განწყობას დიდი ზიანი მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები