თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, “მოლაპარაკებების გზით რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება მთელი მსოფლიო საზოგადოების ინტერესშია”.
ამის შესახებ მან ანკარაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.
ჩავუშოღლუს თქმით, ბოლო დღეების განცხადებები მოლაპარაკების პროცესში დაბრუნების იმედს იძლევა.
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის საკითხზე საუბრისას, თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის გეგმას რეალისტურად მიიჩნევს.
„მარცვლეულის დერეფნის” საკითხზე ჩვენ განვიხილავთ მექანიზმს გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით. თუ არსებობს პროდუქცია, რომელთა იმპორტს მსოფლიო ქვეყნები ახორციელებენ უკრაინიდან, რუსეთიდანაც, ერთობლივად უნდა გავხსნათ გზა მიწოდებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
თურქი დიპლომატის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების კოორდინაცია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge