ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვეღარ დავუშვებთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება ინფლაციისა და კონტინენტზე ცხოვრების სტანდარტის გამო, სულ უფრო რთული ხდება.
ამასთან, ესტონეთის პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა, რომელიც კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის უზრუნველყოფას ცდილობდა.
„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სანქციები ჩვენც გვაზიანებს. თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და ახლა საკითხავია, რამდენი ტკივილის ატანისთვის ვართ ჩვენ მზად. ეს სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგორესურსების ფასების გამო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.