სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში “სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა.

უწყების ცნობით, წვრთნებში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

“კურსი 3 კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოების შესრულებაც უწევდათ. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს.

მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები