გაერო: 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი ომის 100 დღის განმავლობაში
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 100 დღის განმავლობაში თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, უმეტესობა ქალი და ბავშვია. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს, უკრაინის კრიზისის კოორდინატორის, ამინ ავადის ანგარიშში.
„არასდროს ყოფილა ისტორიაში იძულებითი განსახლების ასეთი მასშტაბები და ასეთი სიჩქარე“, – ნათქვამია კოორდინატორის განცხადებაში.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების გამო 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა.
მთელ უკრაინაში ასობით ათას მოქალაქეს არ აქვს წყალი და ელექტროენერგია.
„ზოგადად, უკრაინაში 15,7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და გაჭირვებულთა რიცხვი იზრდება“, – ნათქვამია გაეროს ანგარიშში.
მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის 100-დღიანი სრულმასშტაბიანი ომის გამო, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.