ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერმინისტრ ედუარდ ჰეგერს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ედუარდ ჰეგერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.

გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხებს, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და განხორციელებული რეფორმები, ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში შევსებული კითხვარი საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები