რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დამტკიცდა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მთელ რიგ ზომებს მოიცავს და მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის გაგრძელების ეფექტურ აღკვეთას.

კერძოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, აეკრძალა ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება რუსეთიდან ევროკავშირში. რუსულ ნავთობისგან ეტაპობრივი გათავისუფლება უნდა მოხდეს ექვსი თვის ვადაში, ხოლო სხვა ნავთობროდუქტებისგან – 8 თვის ვადაში.

გარდა ამისა, ევროკავშირი SWIFT-დან კიდევ სამ რუსულ ბანკს თიშავს: უმსხვილეს სვერბანკს, მოსკოვის საკრედიტო ბანკს და რუსეთის აგრარულ ბანკს, ასევე, ბელარუსულ განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს.

გარდა ამისა, სანქციების მეექვსე პაკეტით გათვალისწინებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული ტელეარხების: Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24/Rossiya 24 და “საერთაშორისო სატელევიზიო ცენტრის” მაუწყებლობის შეწყვეტა.

„ეს სტრუქტურები რუსეთის მთავრობამ გამოიყენა ინფორმაციის მანიპულირებისთვის და უკრაინაში შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მათ შორის, ისეთი პროპაგანდისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის მეზობლებში, ევროკავშირისა და მისი წევრ ქვეყნებში დესტაბილიზაციას“, – განმარტა ევროკავშირის საბჭომ.

ევროკავშირმა გააფართოვა იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაც, რომლებიც ექვემდებარებიან ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს.

ევროკავშირი გააფართოებს საქონლისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალს, რომლებსაც შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებაში. ის მოიცავს 80 ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული ქიმიური იარაღის დასამზადებლად.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა ბუჩასა და მარიუპოლში სისასტიკეში პასუხისმგებელ პირებს, ასევე, მათ, ვინც ომს უჭერს მხარს, წამყვან ბიზნესმენებს და მათი ოჯახის წევრებს, კრემლის ჩინოვნიკებს,  თავდაცვით და საფინანსო ორგანიზაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები