რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 100 დღე გავიდა. უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
დღესდღეობით, საბრძოლო მოქმედებების მთავარი მიმართულება სევეროდონეცკია, რომელიც ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა.
რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, ქალაქში, შესაძლოა საკუთარი “აზოვსტალი” გაჩნდეს, რადგან “აზოტის” ქიმიური ქარხნის თავშესაფრებში 800-მდე ადამიანი იმყოფება.
ლუგანსკის ოლქის დანარჩენ ტერიტორიაზე რუსული არმია ცდილობს გაარღვიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა რამდენიმე მიმართულებით – ზოლოტედან, პოპასნადან, კამიშევახიდან, ბელოგოროვკადან.
დონეცკის რეგიონში ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს ლიმანის, სლავიანსკის რაიონებში.
შავ ზღვაში ვითარება სტაბილურად დაძაბულია. იქ რუსული სარაკეტო ხომალდების რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის მახლობლად ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შეჩერებას ცდილობენ.
ასევე აღინიშნება, ომის მეასე დღეს, რუსული არმიის პირადი შემადგენლობა, როტაციის მუდმივი გადადების გამო, დემორალიზებულია.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის არმიამ 30 850 სამხედრო დაკარგა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge