ირაკლი ქარსელაძე: ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა არასდროს განგვიხილავს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ხელისუფლებას არასოდეს განუხილავს.
“არ ვაშენებთ და არასდროს განგვიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა”, – აღნიშნა მინისტრმა.
ქარსელაძის თქმითვე, ჩვეულებრივ, ტრანსსასაზღვრო, ანუ ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გზას გააჩნია სპეციფიკა, რომლის მიხედვითაც ის ორივე ქვეყანამ უნდა ააშენოს და მხოლოდ ერთი ქვეყნის განცხადებები ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მარტის თვეშიც გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და ამ გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასდროს მდგარა.