პოლონეთის მთავრობა 1-ლი ივლისიდან უკრაინელ ლტოლვილებს დღეში 40 ზლოტს (დაახლოებით, 28 ლარს) აღარ გადაუხდის.
ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა, პაველ შეფერნაკერმა განაცხადა, – წერს Rzeczpospolita.
”დარწმუნებული ვართ, რომ პოლონეთში მყოფ ბევრ ადამიანს შეუძლია, გახდეს დამოუკიდებელი და ადაპტირებული”, – თქვა მან და დასძინა, რომ ასევე იქნება გამონაკლისები.
მისი ინფორმაციით, ზოგიერთისთვის შეღავათები გაფართოვდება, კერძოდ, საუბარია შშმ პირებზე, ორსულებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე.
თავდაპირველად, პოლონეთის მთავრობამ “უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარების შესახებ სპეციალურ კანონში”, 60-დღიანი შეღავათების დაწესება ჩაწერა, შემდეგ ეს ვადა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს, თუმცა, დროის ამოწურვის შემდეგ, ამ კანონის მოქმედება შეჩერდება.
აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ლტოლვილების შენახვის ძალიან მაღალი ხარჯებით.
„ვიწყებთ ფართო სპექტრის აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინელების დასაქმებას. მათგან 14 000-მა, მათ შორის, 11 000 ქალმა ლეგალური სამსახური უკვე იშოვა. ველოდებით სპეციალურ აქტს, რომელიც დაეხმარება პოლონური ენის შესწავლის კურსების დაფინანსებას, რაც მათ კიდევ უფრო დაეხმარება სამსახურის შოვნაში”, – თქვა სილეზიის ვოევოდის წარმომადგენელმა, ალინა კუხარზევსკამ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge