მიხეილ ჩხენკელი იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიელ კოლეგას – პატრიციო ბიანკის შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის.

გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები