სამთავრობო პროგრამა: 2022 წელს ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება
“2022 წელს ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. იანვარ-აპრილის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 820,796 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 36.2% აღდგენის მაჩვენებელია”,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
“საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 642,343 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 52.2% აღდგენის მაჩვენებელი და 2021 წელთან შედარებით, 233.9%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამასთან, იანვრი-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582,297,301 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით. მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, USAID-თან თანამშრომლობით, გრძელდება მუშაობა ტურიზმის სტრატეგია 2025-ის განახლებაზე. აგრეთვე, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესზე მუშაობა.
სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები: სვანეთში, ზურულდის მთაზე, 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე აშენდა ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო; ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა. ასევე დასრულდა PGS, PSL და სლოუფსტაილის ტრასების მშენებლობა და განხორციელდა მეხის დაცემის შედეგად დაზიანებული კოხტას საბაგიროს სრული რეაბილიტაცია; მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში მიმდინარეობს წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის (ტბა) მშენებლობა: დიდველი − 201 433 მ3, კოხტა-მიტარბი − 105 948 მ3; ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო ტრასაზე განხორციელდა ღამის განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები; თეთნულდზე დაიწყო ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პროცესი. ზამთრის სეზონზე, კურორტმა თეთნულდმა უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპებს, სადაც მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბაკურიანში გაიმართა ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები: ევროპის თასი პარალელურ გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის 70 სპორტსმენმა და მსოფლიო თასის ეტაპები, ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსტაილის სახეობაში, რის ფარგლებშიც, საქართველომ უმასპინძლა 33 სპორტსმენს 9 ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში”,- ნათქვამია მოხსენებაში.