ბაიდენი: აშშ უკრაინას მოწინავე სარაკეტო სისტემებს გადასცემს
აშშ უკრაინას ბევრად უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო მასალებს გადასცემს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა The New York Times-ისთვის დაწერილ მასალაში განაცხადა.
მისი თქმით, ამ სისტემების გადაცემის მიზანი მარტივია – აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, აგრესიისგან შეკავებისა და დაცვის საშუალებებით.
“ჩვენ უკრაინელებს მივაწვდით უკეთეს სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო მასალებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად დაარტყან მთავარ სამიზნეებს“, – თქვა ბაიდენმა.
გარდა ამისა, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის გადაცემას, მათ შორის: Javelin-ებს; საზენიტო სარაკეტო სისტემებს Stinger-ს; მძლავრ საარტილერიო და მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებს; რადარებს; უპილოტო საფრენ აპარატებს; თვითმფრინავებს მი-17; საბრძოლო მასალებს.
ასევე, შეერთებული შტატები უკრაინას მილიარდობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის გადაცემაც კონგრესმა უკვე დაამტკიცა.
ბაიდენის თქმით, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რომ გადავლახოთ გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც რუსეთის აგრესიით არის გამწვავებული და ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და სხვა ქვეყნებს, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე და დააჩქარონ სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი,” – თქვა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge