ეროვნული ბანკი: წლიურმა ინფლაციამ აპრილში 12.8 პროცენტი შეადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აპრილის თვის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასებმა 1.8 პროცენტით მოიმატა.

სებ-ის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე საგრძნობი საწვავის გაძვირება იყო. საწვავზე ფასის მატების ჯამურმა გავლენამ თვის ინფლაციაზე 0.3 პპ შეადგინა. პურის და ზეთის გავლენა შესაბამისად, 0.2 და 0.1 პპ უტოლდებოდა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ასახვაა.

წლიურ ჭრილში, სურსათის ფასების ზრდამ აპრილის წლიურ ინფლაციაში 6.2 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევია პურის (1.0 პპ), ყველის (0.5 პპ), კარტოფილის (0.5 პპ), ზეთის (0.2 პპ), პომიდორის (0.2პპ), ქათმის ხორცი (0.2პპ) შაქრის (0.2 პპ) გაძვირება.

საწვავის ფასების ზრდის წვლილი აპრილის ინფლაციაში, ჯამურად, 2.0 პპ-ს გაუტოლდა. მარტში კომუნალური ხარჯების ინფლაციაზე გავლენა ძირითადად ამოიწურა, 3.6 პპ-დან 0.5 პპ-მდე შემცირდა და აპრილშიც იმავე დონეზე შენარჩუნდა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.7 პროცენტს გაუტოლდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები მკვეთრად გააძვირა. ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ – მაშინ, როდესაც COVID-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქმნა. ნავთობის, ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ინდექსი აპრილში წლიურად 29.8%-ით გაიზარდა.

“გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. საქართველოსთვის კი ეს გამოწვევა დამატებით სირთულეებს შეიცავს, რადგან უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებია”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები