მაკა ბოჭორიშვილი ლატვიის საეიმას დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმღვანელობით, ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტის (საეიმა) დელეგაცია საქართველოში მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით იმყოფება. შეხვედრაზე, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრი, ჰერმან საბო მონაწილეობდნენ, განხილვის მთავარ თემას საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესი წარმოადგენდა.

მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის გახსნისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლატვიელმა კოლეგები მიესალმნენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესს ასევე, საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის შევსებას.

აღინიშნა, რომ ლატვია კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მხარდაჭერას. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველო-ლატვიის მჭიდრო ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ლატვიელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლატვიის საეიმას წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველო-ლატვიის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, ლატვიელმა კოლეგებმა მაკა ბოჭორიშვილს გადაუხადეს მადლობა საქართველოში მოწვევისთვის და აღნიშნეს, რომ ვიზიტების გაცვლა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ასევე, ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია ჩვენი ქვეყნის მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები