მედია: ნატო-ში შესვლაზე თანხმობის სანაცვლოდ, შვედეთი თურქეთს იარაღის ემბარგოს მოუხსნის
შვედეთი თურქეთის წინააღმდეგ იარაღზე დაწესებულ ემბარგოს მოხსნას გეგმავს, სანაცვლოდ კი ნატო-ში გაწევრიანებაზე ანკარას დადებით პასუხს ელოდება.
ამის შესახებ შვედური გაზეთი Expressen წერს.
იარაღის ექსპორტზე პასუხისმგებელი შვედეთის სამთავრობო სააგენტოს წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში დაადასტურა, რომ აკრძალვის დაგეგმილი მოხსნის მთავარი მიზეზი სტოკჰოლმის ნატო-ში გაწევრიანების სურვილია.
მან ასევე თქვა, რომ ემბარგოს მოხსნა, ძირითადად, სიმბოლური იქნება, რადგან თურქეთს შვედეთთან თავდაცვითი ხასიათის მნიშვნელოვანი შეკვეთები არც გაუკეთებია.
შვედეთმა და ფინეთმა ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად თურქეთს იარაღის ემბარგო 2019 წელს დაუწესეს, რაც სირიაში თურქეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებს უკავშირდებოდა.