„შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი, დაახლოებით, 7 %-მდე იყოს“ – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი, დაახლოებით 7 %-მდე იყოს. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ეკონომისტმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ ისაუბრა. ცუცქირიძემ ის ფაქტორები დაასახელა, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახა.
„პირველ კვარტალში ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა, მოგეხსენებათ, ზრდის მაჩვენებელი 14,4 % იყო. ამავე დროს, ექსპორტის ზრდა ძალიან მაღალი, დაახლოებით, 44%-მდე გვქონდა. საინტერესოა ეს მაჩვენებლები შემდგომში როგორი იქნება. მით უმეტეს, ვიცით, რომ „აზიის განვითარების ბანკმა“ ჩვენი წლიური ზრდის პროგნოზი 3, 5 % -მდე დასწია. წლიური ზრდის პროგნოზი, რაც ბიუჯეტშია ჩადებული, ანუ მთავრობის პროგნოზი 6 %-ია. თუმცა, ეროვნული ბანკი უფრო კონსერვატორულია და ეკონომიკის ზრდას 5 %-მდე ელის. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა უკვე მეორე კვარტლის პროგნოზი გამოაქვეყნა, ეს 3, 3 %-ია.
უფრო გასაგებად ავხსნი: პირველ კვარტალში, როცა საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა, არათუ რეგიონში, არამედ ზოგადად მთელს ევროპაში, ეს ე.წ. ბაზისურ ეფექტთან იყო დაკავშირებული. ანუ, პირველ კვარტალში ჩვენ შარშან გვქონდა 4, 5 % არათუ ზრდა, არამედ უარყოფითი მაჩვენებელი. შემდეგ, მარტში ეკონომიკა გაიხსნა და ამის ეფექტი მეორე კვარტალში გამოჩნდა, როცა ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა. ეს დაახლოებით 28, 9 % იყო. მათ შორის აპრილში, სარეკორდო მაჩვენებელი გვქონდა – 42 %, რაც წლიური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებზე აისახა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში შედარებით დაბალანსებული ზრდა იყო, დაახლოებით 8, 4 და 6,5%. ამიტომ ვამბობ, რომ მომავალ კვარტლებში ბაზისური ეფექტი განსხვავებული იქნება, ვიდრე პირველ კვარტალში იყო. მეორე კვარტალზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი 3, 3 %-ია, მიმაჩნია, რომ რელობასთან ახლოსაა, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან მეორე კვარტალში ძალიან მაღალი , თითქმის 29 %-იანი ზრდა გვქონდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ 3,3%-ზე ცოტა მაღალიც იყოს. შეიძლება, 4 %-მდეც. მართალია ტურიზმი 2019 წლის დონეზე ჯერ აღმდგარი არ არის, აღდგენის მაჩვენებელი დაახლოებით 70-75 %-ია, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს: ერთია, ის რომ ექსპორტი ძალიან მაღალი გვაქვს, ასევე ინვესტიციები, მათ შორის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია, გამომდინარე იქიდან, რომ ვნახეთ, როგორი იყო კურსის გამყარების დინამიკა. ფულადი გზავნილები სარეკორდოდ იყო გაზრდილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ინვეტიციებიც გაზრდილია. აქ შემოსულია 100 000 -მდე მოქალაქე, რომელიც უკრაინის ომს გამოექცა, ბუნებრივია, მათი დანაზოგები ეკონომიკაზეც აისახა და მომავალშიც აისახება. მეორე ფაქტორი,რომელსაც მინდა, ხაზი გავუსვა, სატრანზიტო გადაზიდვების ძალიან გაზრდილი მაჩვენებელია, რაც ტრანსციმბირული მაგისტრალის ფაქტობრივ ჩაკეტვასთან და ჩვენზე გამავალი შუა დერეფნის ფუნქციის გაზრდასთანაა დაკავსღიებული. ფაქტობრივად, ამას, შეიძლება, აბრეშუმის გზის აღდგენაც ვუწოდოთ. ეს ფაქტორები ეკონომიკაზე ყოველთვის დადებითად აისახებოდა და კვლავ დადებითად აისახება. „აზიის განვითარების ბანკის“ პროგნოზი – 3.5 % ვთვლი, რომ ზედმეტად კონსერვატორულია. ეროვნული ბანკის პროგნოზიც – 5 %-იანი წლიური ზრდა, კონსერვატორული მგონია. მე უფრო მთავრობის პროგნოზისკენ ვიხრები. ვთვლი, რომ, შეიძლება, ეკონომიკური ზრდა წლიური მაჩვენებელში მეტიც კი იყოს, დაახლოებით 7 %-მდეც“ – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე განმარტებით, ამ პროგნოზს ე.წ. ბაზისურ ეფექტი განაპირობებს.
„რას ეყრდნობა ეს: ზუსტად ამ ბაზისურ ეფექტს, როგორც აღვნიშნე, მართალია მეორე კვარტალში შარშან ძალიან მაღალი 29 %-იანი ზრდა იყო, მაგრამ მესამე და მეოთხე კვარტალში შედარებით დაბალანსებული – 8.4 და 6,5% იყო. შესაბამისად, ამ კვარტლებში ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მეორე კვარტალში. მეორე კვარტალში ჯერ არ არის მონაცემი გამოქვეყნებული, შეიძლება, 2 , ან 3 % იყოს. ამ ბაზისური ეფექტიდან გამომდინარე, ეს ტრაგედია არაა.
ზაფხულის პერიოდი მოდის, როცა ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ამას ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციით იმპორტის ჩანაცვლების მაჩვენებლი ემატება. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით III – IV კვარტალში უფრო მაღალი ზრდა იქნება, შეიძლება 4-5 %-ის ფარგლებში იყოს. ჩვენ 6,5- 7 % ზრდა თავისუფლად გვექნება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა, რაც 14, 4 % იყო. ჩემი შეფასება უფრო ოპტიმისტურია და მთავრობის პროგნოზისკენ იხრება“ – განაცხადა ცუცქირიძემ.