“ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსებაზე შეზღუდვები აღარ აქვს” – ალიანსის გენმდივნის მოადგილე

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატო აღარ არის შეზღუდული ძველი ვალდებულებებით, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერების შეკავებას გულისხმობდა.

ამის შესახებ სააგენტო AFP-ს ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრით მოსკოვმა ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს „ყოველგვარი შინაარსი წაართვა“ და ალიანსთან დიალოგი შეწყვიტა.

1997 წლის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, იმუშაონ იარაღის დაგროვების აღკვეთაზე ევროპის შეთანხმებულ რეგიონებში, მათ შორის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც პირობა დადეს, რომ არ დაესხმებოდნენ თავს მეზობლებს, რასაც ამჟამად აკეთებენ და ნატო-სთან რეგულარული კონსულტაციებს გამართავდნენ, რასაც არ აკეთებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს დამფუძნებელი აქტი რუსეთის მხრიდან, რეალურად, არ მუშაობს“, – თქვა მან.

მისივე თქმით, რუსეთი 1997 წლის ხელშეკრულებიდან ფაქტობრივად გამოვიდა.

„ახლა ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები, რომ გვქონდეს ძლიერი პოზიცია აღმოსავლეთ ფლანგზე და უზრუნველვყოთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრის დაცვა მე-5 მუხლით და ჩვენი მოკავშირეების მეშვეობით“, – დასძინა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები