ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“: მე ძალიან კარგად მახსოვს რა იყო თქვენი პენიტენციური დაწესებულებები და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო ადამიანების სასაკლაო
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პენიტენციურ დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გამოვლენილ, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა.
„ამის შემდეგ მოდიხართ და საუბრობთ იმაზე, რაზედაც თქვენ არ უნდა ისაუბროთ. არ მეგონა რამე თუ გამაკვირვებდა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრს კითხვებს უსვამს საპატიმროებში მსჯავრდებულთა თუ ბრალდებულების მდგომარეობის შესახებ. მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ამ კითხვებს სვამენ, მთავარი ისაა, რომ ამის შემდეგ ჰყოფნის ამ ხალხს უტიფრობა და ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე და დემოკრატიის ხარისხს გვიწუნებენ.
მე ძალიან კარგად მახსოვს რა იყო თქვენი პენიტენციური დაწესებულებები და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო ადამიანების სასაკლაო.
აბა ვინმეს გეყოთ გამბედაობა და მითხარით, რომ ეს ასე არ იყო. როდესაც ადამიანი საპატიმროში ხვდებოდა, ვითომ იმ მიზეზით, რომ საღეჭი რეზინი ჰქონდა პირში, გააღებინებდნენ და აფურთხებდნენ პირში. ამით იმ ადამიანს კი არ აფურთხებდნენ, აფურთხებდნენ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას.
ადამიანებს ზამთარში ღამე წამოაყენებდნენ და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდნენ. ადამიანებს არეკინებდნენ ციხიდან თავიანთ ოჯახებში და ეუბნებოდნენ, რომ დაეთმოთ ბიზნესი, დაეთმოთ წილები, გაეყიდათ სახლ-კარი, ოღონდ იმ ჯოჯოხეთიდან გამოეყვანათ.
დიახ, დღეს ეს ყველაფერი არ ხდება და თქვენთვის როგორც ჩანს, ეს არის სამწუხარო.
თქვენ დღეს ბედავთ და საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმეს უფლებები ირღვევა. ეგ არის თქვენი განსხვავება, ისე იქცეოდით, რომ დღეს სადაც იმალება თქვენი კრიმინალი მინისტრი ადეიშვილი ადამიანები პანღურის რტყმევით დასდევენ, თქვენ მაინც ნუ მოიქცევით ისე, რომ ადამიანები თქვენც ასე არ მოგექცნენ. დაფიქრდით და აზრიანად მოეკიდეთ იმას, რაზეც საუბრობთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში გაიხსენა, რომ 2011-2012 წლებში თითქმის 25 ათასი იყო პატიმართა რაოდენობა. ასევე, მისი თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, რაც დღეს 154-ია. წინა ხელისუფლების დროს კი იყო 700, 800, 900 საქმე საქართველოს წინააღმდეგ.
„არაფერი ხელში არ გაქვთ და პატიმრების უფლებებზე საუბრობთ, არ გეუხერხულებათ მაინც? რაზე საუბრობთ, როდესაც მაღალი საჯარო ინტერესი იყო, როცა თქვენ ლამის ქვეყანა თავზე დაიმხეთ, რომ თურმე სააკაშვილთან მიმართებაში რაღაც საოცრება ხდება, ამის შემდეგ რომ გამოქვეყნდა ეს კადრები გაწბილებულები დარჩით და ახლა ლაპარაკობთ რაღაც აბსურდულ თემაზე, რომ თითქოს უფლებები დარღვეულა. იხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, ამის შემდეგ იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბოლოს გეტყვით, რომ საზოგადოებას იოტისოდენა პატივი მაინც სცეთ და ისე არ მოიქცეთ, რომ პარლამენტიდან და პოლიტიკიდან გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.