გივი მიქანაძე: ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და შედეგები გვიმყარებს იმ ისტორიულ განაცხადს, რომელიც ჯერ ევროკავშირის კანდიდატობას, ხოლო შემდეგ ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობას მოუტანს საქართველოს
„2014 წელს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მიესალმა პატიმრების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში. 2012 წელს 25 000 პატიმარი ფიქსირდებოდა ქართულ პენიტენციურ სისტემაში. 2013 წელს ამნისტიისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით ეს რიცხვი შემცირდა 10 000 პატიმრამდე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.
მიქანაძის ინფორმაციით, კომიტეტის მიერ მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული სასჯელთა შეკრებითობის გაუქმება და პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის რეფორმა, თავისუფლების აღკვეთისგან ალტერნატიული სასჯელების გამოყენების შესაძლებლობა.
„სისხლის სამართლის სწორი პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ამ რიცხვის შენარჩუნება, არამედ მისი 9 000 პატიმრამდე შემცირებაც კი. 2013 წელს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 2012 წელთან შედარებით 60%-ით, ხოლო 2014 წელს ეს გაზრდილი ბიუჯეტი კიდევ 40%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 1 პატიმარზე სამედიცინო კუთხით გაწეულმა ხარჯებმა 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, 450%-ით მეტი შეადგინა. 2013 წელს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის პერსონალი 30%-ით გაიზარდა 2012 წელთან შედარებით, რის საფუძველზეც 90 პატიმარზე მოდის 1 ექიმი და 60 პატიმარზე – 1 ექთანი, რაც სრულ თანხვედრაშია ევროპის წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. ამ რაოდენობაში არ არის ჩათვლილი #18 სამკურნალო დაწესებულების და მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, კომიტეტის ანგარიშში გამოკვეთილადაა ასახული იმ პროგრესის თაობაზე, რაც ხელისუფლების პოლიტიკური ნებითა და გატარებული რეფორმებით იქნა მიღწეული პატიმართა ტუბერკულოზური სკრინინგის და C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2013-2014 წლებში პატიმართა ჯანმრთელობის კუთხით სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესებულია 2012 წლებთან შედარებით.
მისივე განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2014 წელს დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები.
„მინისტრთა კომიტეტის მიერ საბოლოო რეზოლუციის მიღებით დახურულად გამოცხადდა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ნაწილი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში ჰეპატიტით და ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობის პროცესში გამოვლენილ ნაკლოვანებებს, რაც საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. ეს გარემოებები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ დღეს ჯანდაცვის კუთხით პენიტენციურ სისტემაში გამოწვევები აღარ არის და საქართველოს ეფექტიანად აქვს დანერგილი ჯანდაცვის პროგრამები.
2021 წლის ბოლომდე, სანამ თქვენ მიერ „არაჩვეულებრივად“ წოდებული მსჯავრდებული სააკაშვილი არ მიმართავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ევროპულ სასამართლოს წარმოებაში არ მიუღია არცერთი საჩივარი 2012 წლიდან, რაც ეხება პენიტენციურ სისტემაში არსებულ საკითხებს. მის საჩივარს კი რა ბედიც ეწია, ყველამ კარგად ვიცით – ის განსახილველი საქმეების სიიდან ამორიცხეს“, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, მოყვანილი ფაქტები მეტყველებს, თუ რა მდგომარეობაა პენიტენციურ სისტემაში.
„ამიტომ ოპოზიციის წარმომადგენელთა მცდელობა, წარმოაჩინოს, რომ თითქოს პენიტენციურ სისტემაში არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა და პატიმართათვის სათანადო სერვისების უზრუნველყოფა, არის კიდევ ერთი იაფფასიანი სპეკულაცია. საზოგადოება ყოველ ნაბიჯზე ხედავს თქვენს დესტრუქციას და ამის საპირისპიროდ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ სწორ ნაბიჯებს ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. სწორედ ეს რეფორმები და შედეგები გვიმყარებს იმ ისტორიულ განაცხადს, რომელიც ჯერ ევროკავშირის კანდიდატობას, ხოლო შემდეგ ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობას მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.