ნინო წილოსანი: დატერორებიდან, ხელოვნური ჩარევებიდან, ცენტრალიზებულად მართული ბიზნესიდან ჩვენ გადავედით ტერორისგან თავისუფალ და სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური თანამონაწილეობის ეკონომიკაზე

„ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე წარსული აქვს – დატერორებიდან, ხელოვნური ჩარევებიდან, ცენტრალიზებულად მართული ბიზნესიდან ჩვენ გადავედით ტერორისგან თავისუფალ და  სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური თანამონაწილეობის ეკონომიკაზე. პროგრამული ნაწილი იქნება, თუ დაბალანსებული კანონმდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უმსხვილეს ეკონომიკურ პარტნიორებთან – ეს ყველაფერი ეკონომიკის თვისობრივ გაჯანსაღებას ემსახურება. პოლიტიკა შედეგიანია. ჩვენი ქვეყნის მასშტაბების, მუდმივად არსებული შიდა თუ გარე გამოწვევების გათვალისწინებით, ეკონომიკის მდგრადი ზრდა სექტორს გარკვეულ სიმყარეს ანიჭებს“, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ინტერპელაციის კითხვებიდან ერთ-ერთია თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

„ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი შეიძლება იყოს ერთი – თუ  ქვეყნის შიგნით არ შეგვიშლიან ხელს, შიდა რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ეკონომიკის დაზიანებაზე მიმართულ პოლიტიკას დავაზღვევთ, ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ დავიცავთ ეკონომიკა ამ უდიდესი გამოწვევებისგანაც“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოწვევები დიდია, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ფონზე.

„ამ რთულ დროს კი არ უნდა დაგვავიწყდეს – რუსეთი და უკრაინა ერთად ხორბლის 30 და მზესუმზირის 80%-ის ექსპორტიორებს წარმოადგენენ მსოფლიოში. ამასთან, რუსეთი სასუქის უდიდესი ექსპორტიორია. შესაბამისად, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა ამ ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში მძიმე შედეგების პროგნოზის საფუძველს იძლევა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განუწყვეტლივ საუბრობს სოციალური მხარდაჭერის პროგრამების აუცილებლობაზე, ქვეყნების მიხედვით სასუქების მიწოდების საჭიროებების განსაზღვრაზე, ალტერნატიული ბაზრების მოძიებასა და მსოფლიო ვაჭრობის ღიაობის შენარჩუნებაზე. ამ გლობალური პროცესების ნაწილი ვართ ჩვენც და, ერთი მხრივ, სურსათის უსაფრთხოება, შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა, ფასების ზრდის შეჩერება, სწორედ რომ ჩვენი დარგობრივი სამინისტროების ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი ინფორმაციით, სასურსათო საფრთხეების გადაზღვევის მიზნით, სამინისტროები და შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ იშურებენ, ამასთანავე მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება, რომ არ მოხდეს გამშვებ პუნქტებზე სანქცირებული ტვირთები. დეპუტატის თქმით ამ ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია ხორბლის საკითხი, რომლის გადასაჭრელად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ხორბლის პროგრამაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ სტრატეგიული პროდუქტის წარმოების ზრდას. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ გამოწვევის პარალელურად არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს შიდა წინაღობები.

„მაგალითად, ხორბალთან დაკავშირებული საკითხის არასწორად წარმოჩენა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებული იყო პანიკის შესაქმნელად, რადგან ხორბლის შემოტანაზე გაკეთებული განცხადება მყისიერად გაჩნდა პრესაში პურის დეფიციტის შექმნის სათაურებით. და ეს მაშინ, როცა მკაფიო განმარტებებს აკეთებდა სექტორიც და სამინისტროც. ამის მიუხედავად კი, მედია მაინც ამ ხაზს მიყვებოდა და, ფაქტობრივად, ამ გზით ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას – იყო მომხმარებელში პანიკის დათესვის მცდელობა.

განუწყვეტელი პოლიტიკური რყევების ორგანიზება, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ოკუპანტის მხარდაჭერის ძახილი, არარსებული „შავი ხვრელების“ თემატიკა, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე კითხვის ნიშნების დასმა და სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება საკუთარი ქვეყნის მიმართ – დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკას აზიანებს.

ხელისუფლება კი დღეს, როგორც არასდროს, ბიზნესის დაცვაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული: ვალუტის კურსის სტაბილურობა, ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი და ბიზნეს მოლოდინები სტაბილურობასთან დაკავშირებით, ქვეყნის დაზღვევა ომის რისკებისგან და სხვა ნაბიჯები ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში დავიცვათ ეკონომიკა, ჩვენი ხალხი და, ზოგადად, ქვეყანა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები