დავით სონღულაშვილი: 2022 წელი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და ათვისების წელი იქნება, რომელიც რეფორმების სახით ყოველდღიურ ცხოვრებაში ფორმირდება ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ
„სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ემსახურება სასურველი ბიზნეს-კლიმატის შექმნასა და მეწარმეების ხელშეწყობას. ფოკუსი და ორიენტაცია, ის აქცენტები, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება მოსახლეობის თანამონაწილეობის უზრუნველყოფისკენ უნდა მივმართოთ“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
დავით სონღულაშვილმა გაწეული სამუშაოსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოსტპანდემიური სიტუაცია და რუსეთის ომი უკრაინაში, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. დავით სონღულაშვილმა ყურადღება ენერგო უსაფრთხოებასა და საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყნის როლს და შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის.
აუცილებელია, ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საგარეო შოკების მიუხედავად, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, გაზრდილია ექსპორტი ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება DCFTA-ს სარგებლის სრულად ათვისების მიზნით, რაც, მისივე განმარტებით, ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას ნიშნავს.
„ჩვენი ქვეყანა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის კუთხით, უნიკალური პოზიციის მქონეა რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, რომელიც, დაახლოებით, 2მილიარდზე მეტ ბაზართან ხსნის წვდომას.
კომიტეტმა უმასპინძლა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელობას. მათ წარმოადგინეს საფუძვლიანი და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებული კვლევები 2 ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების თაობაზე.
ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი ამ ურთიერთობების და ნათელი ხედვა, კონკრეტული მიმართულებების პოტენციალის შესახებ. უახლოეს მომავალში, კომიტეტის სახელით მოგაწვდით როგორც რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება, ეს პოტენციალი ათვისებული იყოს და შესაბამისად, იმედი მაქვს მჭიდრო თანამშრომლობის, როგორც სხვა დანარჩენ საკითხებთან მიმართებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კომიტეტი ბიზნეს ასოციაციებსა და გაერთიანებებს მოუსმენს, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო და სხვა სახის თანამშრომლობაზეა არიან ორიენტირებული.
„საგულისხმო ცვლილებები გვაქვს საინვესტიციო სტრუქტურაში. ადრე თუ ისეთ დარგებში კეთდებოდა ინვესტიციები, რომელსაც ჰქონდა სწრაფი ამონაგები, ახლა ჩვენ ორიენტირებულები ვართ მდგრად შედეგებზე, რადგან ჩვენი მიზანი, სწორედ გრძელვადიან შედეგების მიღებაზე ფიქრია და ამაში სახელმწიფოს როლი არის უმნიშვნელოვანესი.
სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ემსახურება სასურველი ბიზნეს-კლიმატის შექმნასა და მეწარმეების ხელშეწყობას. ფოკუსი და ორიენტაცია, ის აქცენტები, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება მოსახლეობის თანამონაწილეობის უზრუნველყოფისკენ უნდა მივმართოთ.
მეტი დოვლათი შეიქმნება მაშინ, როდესაც სახელმწიფო იზრუნებს პირობებზე, ხოლო ბიზნესს უკეთესი ნიადაგი ექნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ეს არის ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბების საფუძვლები“, – განაცხადა დეპუტატმა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე „ტურიზმის შესახებ“, რომელიც, მისივე შეფასებით, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, ასევე, მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, რუსული კომპანიებისა და ორგანიზაციების სანქცირების მექანიზმის ამოქმედებამ ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის.
„საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია და ამასთან, „შუა დერეფნის” მეშვეობით უკვე დაწყებულია გადაზიდვების განხორციელება. ეს ნიშნავს ქვეყნისთვის დაახლოებით 300 მლნ. ლარის დამატებით შემოსავალს. თუმცა, ეს არ არის მაქსიმუმი. ტრანსპორტს, გადაზიდვებს, სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციებს, უნდა შევხედოთ, როგორც ინსტრუმენტს. გვჭირდება კომპლექსური მიდგომა – სარკინიგზო გადაზიდვები ერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთი რგოლია ერთიანი სისტემის. შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობების სრულყოფილი გამოყენებისთვის, მისი ყველა რგოლის ანალიზი გვმართებს – დაწყებული ტრანსპორტიდან, დასრულებული ვაჭრობის ყველა ვექტორის გაძლიერებით. ტვირთების მიმღები და გადამამუშავებელი სექტორის, ახალი სასაწყობე მეურნეობების ჩამოყალიბების, გადაზიდვების ლოკალური ჰაბების, სატრანსპორტო კომპანიების გადმოყვანისა და რელოკაციის ჩათვლით.
ამ შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება მხოლოდ გამტარი, არამედ გახდება ლოგისტიკური და შემნახველი ცენტრი, რომელიც მსოფლიო ბაზრის ფასების ცვლილებების ტრენდს გაყვება და მიწოდების ჯაჭვში დამატებით ღირებულებებს შექმნის. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ნიშნავს პოზიტიურ გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე. ნიშნავს ეკონომიკურ გამოწვევებზე შესაბამის რეაგირებას, ნიშნავს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას და ნიშნავს ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროპასთან – ევროპულ ბაზრებთან“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.