სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები სამართლებრივი დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავენ

  გადახედავს თუ არა სააპელაციო სასამართლო ექსპრეზიდენტის, თავდაცვის და იუსტიციის ყოფილი მინისტრების მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, დღეს გახდება ცნობილი. ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები, ვარაუდობენ, რომ სააპელაციო სასამართლო სარჩელს საერთოდ არ განიხილავს. უფლებადამცველები სამართლებრივი დავის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.
“არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო, საქალაქოს გადაწყვეტილებას შეცვლის, მეტიც, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ განუხილველად დატოვებს ამ საჩივარს, ვინაიდან ეს ისეთი დონის პოლიტიკური საქმეა, რომ ხელისუფლებას წინასწარ ექნება შეთანხმებული ეს სასამართლოსთან“, – განაცხადა სააკაშვილისა და ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ. მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები