ირაკლი ზარქუა: 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რასაც მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის
რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქტის ექსპორტი იზრდება და მთელი საქონელბრუნვის 21% სწორედ ევროკავშირზე მოდის.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყნებში გვაქვს ასეთი პრობლემები, მიმდინარეობს ომი და ამ რეგიონმა ბევრი პრობლემა გადაიტანა, მათ შორის მეორე ომი და კონფლიქტი ჩვენს მეზობლებს შორის, ჩვენმა ქვეყანამ მაინც შეძლო და გასულ და მიმდინარე წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რომან გოცირიძე რუსეთს ახსენებდა ხშირად და ამ რუსეთს მთავარი სტრატეგიული ობიექტები სწორედ მისმა ძალამ და პარტიამ გადასცა. მიუხედავად ამისა, დღეს იმ 3 865 მლნ. დოლარიდან, რომელიც 37%-იანი ზრდა არის, შევძელით ექსპორტის გაზრდა, მათ შორის 47%-ით და რაც მთავარია მთელი საქონელბრუნვის 21%-მდე სწორედ ევროკავშირზე მოდის. ხოლო რუსეთი, როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, სწორი პოლიტიკის შედეგად მეხუთე ადგილზეა. ეს არის რეალობა. ეს არის შედეგები!
ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ. ჩვენ შევძელით ის, რომ მიმდინარე წელსაც პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ მონაცემებით მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, თუ ვერც ერთი ვერა. ამას გაფრთხილება სჭირდება. თუ რამე შენიშვნა ან რეკომენდაცია გაქვთ, მზად ვართ განვიხილოთ, მობრძანდით კომიტეტზე და თქვენი იდეები მოგვაწოდეთ. თუ არა და ლიტონი სიტყვებით აღმოჩნდებით ისე, როგორც გიორგი ვაშაძე, რომელიც 1%-ს ვერ გაცდა და აქ სულ ხმამაღლა გვიკიჟინებს – სულ „თქვენი პრემიერი“ გვეძახა და ამ დროს შერიგება და მეტი კდემამოსილება გმართებთო. ორმაგი სტანდარტით, რომ ხართ ამიტომაც არის, რომ ხალხს ისევ და ისევ „ქართული ოცნება“ ეიმედება და მესამე ვადით დამსახურებულად ვართ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.