ვინ დგას „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატიის უკან და რა კავშირი აქვს ავტორს ეკა ზღულაძესთან?

„საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Le Figaro აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჟურნალისტი, იზაბელ ლაზერია. გამოცემის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, დაეგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არ შეუერთდა სანქციებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს. მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად სტატიის ავტორი აქებს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც პუტინის ნომერ პირველ მტრადაც მოიხსენიებს.

„პუტინის საჯარო, პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისი ქვეყანა, საქართველო, რეფორმების წყალობით დასავლეთის დემოკრატიულ ოჯახს დააახლოვა. 54 წლის სააკაშვილი ახლა ციხეში ნელი სიკვდილით კვდება. სააკაშვილი რეგიონის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარია“, – წერია სტატიაში. Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კომენტარი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და პუბლიკაციას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტატია ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა შეუკვეთა.

„რეალურად ეს არის მორიგი ბინძური სტატია, ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ეს არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. ის იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. იმ დროს, როცა სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი არის ევროპარლამენტარი.

გლუკსმანი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, სტატია არის მისი შეკვეთილი“, – განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს, იგივე ავტორი წერდა მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ეკა ზღულაძის შესახებ სტატიას, სათაურით: „ახალგაზრდა ქალი, რომელმაც საქართველოს პოლიცია დაიმორჩილა“.

„პორტრეტი: შს მინისტრის 26 წლის მოადგილე, რომელმაც კავკასიური ქვეყნის პოლიციაში კულტურული რევოლუცია მოახდინა. მისი პოლიტიკური კარიერა ახლა იწყება. – წერდა სტატიის ავტორი და იქვე აგრძელებს – “2009 წლის 9 აპრილს, როდესაც ოპოზიციის მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს, ეკა ზღულაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი გრძელი, ყავისფერი თმის ქვეშ, მიუხედავად მისი ჰაეროვნებისა, რომელიც მისი ლამაზი სახიდან მომდინარეობს, მისი ასეთი გამხდარი სხეულის სისუსუსტის უკან უკვე რკინის მუშტი მოჩანს. მან შეუტია პოლიციას, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივი შენობების დაცვაზე: „ისინი შეურაცხყოფენ თქვენს დედებს, თქვენს მამებს, თქვენს ძმებსა და დებს, თქვენს პრეზიდენტს“.

ასე დაიმორჩილა საქართველოს პოლიცია 26 წლის ასაკში შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურებულმა პატარა ქალმა, ეკა ზღულაძემ. ეს საძულველი კორპორაცია, ქვეყანაში ყველაზე პატივცემულ ინსტიტუტად აქცია. ხუთ წელიწადში მან კულტურული რევოლუცია მოახდინა სამხრეთ კავკასიის ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურაში“. – წერდა იზაბელ ლასერი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანის მეგობრად მოიხსენიებს. რაფაელ გლუკსმანი, რომელზედაც პრემიერმა ისაუბრა, იყო ეკა ზღულაძის ქმარი.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს – საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტი. ის წლების მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველიც იყო.

რაფაელ გლუკსმანი წინა ხელისუფლების პოლიტიკის პოპულარიზებას ცდილობდა მსოფლიო მასშტაბით – ის აქვეყნებდა სტატიებს გავლენიან უცხოურ გამოცემებში, საქართველოში რეპორტაჟების მოსამზადებლად ჩამოსული ჟურნალისტები გარკვეულ საკითხებზე ხელისუფლების აზრის გასაგებად სწორედ გლუქსმანს ხვდებოდნენ. ამას თავად ჟურნალისტები წერდნენ, თავიანთ სტატიებში. რაფაელ გლუკსმანი იყო ის, ვინც ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, გიორგი არველაძეს 2010 წლის მარტში შეხვდა და ურჩია, რომ არხი „უფრო პროვოკაციული“ უნდა გამხდარიყო. ამის შემდეგ „იმედზე“ გავიდა „მოდელირებული ქრონიკა“, რომელმაც საქართველოს ახალი ომის დაწყება აუწყა, სინამდვილეში კი გადაცემა მთლიანად მოდელირებული გახლდათ.

წყარო: Primetime

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები