“როგორც წარსულში ვქმნიდით ერთად ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი” – პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს მიმართა
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ცხრება – პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობა დააჯერონ, რომ თითქოს შეიძლება, საქართველომ დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს მორიგი აშკარა, რუსული, დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართა.
„მოგმართავთ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში – გიდასტურებთ, რომ საქართველო ომითა და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. დღეს ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ, როგორც წარსულში ვქმნიდით ერთად ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი, გთავაზობთ, ევროპულ ერთიან მომავალთან შემოერთებას, თავისუფლებას, თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს, რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმისა და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივებისა და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს გამოიწვევს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.