სოზარ სუბარი: მინისტრის მოხსენება იყო ძალიან დატვირთული ფაქტებით და კონკრეტული მასშტაბური პროექტებით

„დღევანდელი მოხსენება იყო ძალიან დატვირთული ფაქტებით, კონკრეტული საქმეებით და ასევე, თვითკრიტიკული იმ პროექტებთან მიმართებაში, რომელთა დასრულება ჯერ ვერ მოხერხდა. სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება პროექტები, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. კეთდება გზები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასწავლო დაწესებულებები, ტურისტული ინფრასტრუქტურა – ეს არის სიღარიბის გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც აისახება მოსახლეობის დონეზე. ამ პროექტებში დასაქმებული 27 000 ადამიანი და ესეც, სიღარიბის დაძლევისკენ გადადგმული ნაბიჯებია”, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს.

მისი თქმით, სხდომის მსვლელობისას წყალმომარაგების პრობლემა დასახელდა და აღინიშნა რომ 21-ე საუკუნეში ადამიანებს არ აქვთ წყალი. „დიახ, 21-ე საუკუნეა და „ქართულ ოცნებამდე” არც ერთმა ხელისუფლებამ, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ თუნდაც, ერთ ოჯახს ჰქონოდა წყალი. 2012 წელს 34 მლნ დაიხარჯა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და წელს არის 380 მლნ ჩადებული წყლის პროექტებში, რაც კიდევ იზრდება. გეგმის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ყველა ქალაქს და მიმდებარე სოფლებს ექნება 24 სთ-იანი წყალი და ხოლო, 2030 წლისთვის აბსოლუტურად ყველა სოფელს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ყურადღება გაამახვილა ველისციხის, თუშეთის, რიკოთის, გუდაური-კობის და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. „ველისციხე გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, პროექტის დასრულების შემდეგ, რაც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს. ესეც არის მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის პროექტი. ასევე, მნიშვნელოვანია თუშეთის აღორძინების პროექტი, რომელიც დაგეგმილია.

რიკოთზე ხორციელდება საუკუნის, მართლაც ძალიან მასშტაბური პროექტი, ასევე, მასშტაბურია გუდაური-კობის პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს მისცემს ამ კუთხეს. დადგა დრო გავაცოცხლოთ, პანდემიის გამო გადადებული პროექტი ქუთაისი- წყალტუბო-ლეჩხუმი-ლენტეხის გზა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ნაბიჯები ჯერ კიდევ არის გადასადგმელი თუმცა, არსებობს სახელმწიფო პროექტები, სახელმწიფო გეგმა, რომელიც მიმდინარეობს. სოზარ სუბარმა, ჭუბერის 8 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულების თხოვნით მიმართა მისნისტრს.

„2012 წელს, ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჭუბერის 8 კმ-იანი გზა გაკეთდებოდა. 4 კმ არის მუნიციპალური დაქვემდებარების, რომელიც გაკეთდა, ხოლო მეორე 4 კმ გასაკეთებელია. ეს 4 კმ არის ის გზა, რომელიც კოდორის ხეობასთან აკავშირებს სვანეთს. ეს არის სოფელი სადაც უკვე აშენდა 2 ჰესი, კიდევ შენდება რამდენიმე და სადაც შენდება უზარმაზარი 1 მლრდ 200 მლნ-იანი პროექტი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები