ინფრასტრუქტურის მინისტრი: 2021 წელს 5 600 პროექტზე დასაქმებული იყო 27 000 ადამიანი და 1 500 კომპანია

გამორჩეულად შედეგიანი იყო 2021 წელი ჩვენი სამინისტროსთვის, მიმდინარეობდა 5600 პროექტი, რომელშიც 27 000 ადამიანი და 1500 კომპანია იყო ჩართული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შედეგად, 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიარდ 513.5 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა, რაც 311.2 მილიონი ლარით ანუ 14%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს 6,5 მილიარდი ლარის 303 პროექტი მიმდინარეობდა, რომელშიც 97 კომპანია, მათ შორის, 88 ქართული და 9 უცხოური კომპანია მონაწილეობდა.

„პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ ახალი მაგისტრალური გზა გაიხსნა, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას უკვე 5 საათის ნაცვლად 4 საათი სჭირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია – 219 კმ, ამჟამად კი 106 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები