გიორგი ხელაშვილი: დღეს არის დრო, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთი ხმით მიმართოს დასავლეთს – ჩვენ მზად ვართ და ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნისთვის დღეისათვის არსებულ ისტორიულ მომენტზე და განაცხადა, რომ საქართველო უნდა აღიარონ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად.

„ჩვენ ამ მიზნისთვის ვემზადებოდით და 2020 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” სწორედ ამ ისტორიული ამოცანის დასახვით გაიმარჯვა – რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანა. ისტორიულმა მოვლენებმა ეს პროცესი ორი წლით დააჩქარა. ჩვენი ხელისუფლების მიერ კარგად გააზრებული, მომზადებული და თანმიმდევრულად დაგეგმილი ნაბიჯები, დოკუმენტები, არგუმენტები და დიპლომატიური სვლები ამ ურთულეს დროში სწორად გათვლილი აღმოჩნდა. ის, რაც ორიოდე წლის წინ უტოპიად ითვლებოდა, თითქოს ხელის გაწვდენაზეა.
გაგახსენებთ, რომ 2009-2012 წლებში, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული პროგრამა დაიწყო, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ჩაგვსვეს იმავე ჯგუფში, სადაც იყვნენ იანუკოვიჩის უკრაინა, ვორონინის მოლდოვა, სარქისიანის სომხეთი, და სხვები. დღეს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის უპირობო ლიდერია. დღეს არის დრო, როდესაც მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთი ხმით მიმართოს დასავლეთს – ჩვენ მზად ვართ და ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მან ასევე შეაფასა ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლები დღევანდელ სხდომაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გამოსვლებმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. „ეს იყო რეალობისგან გათიშული, არაკომპეტენტური, აგრესიული გამოსვლები. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი, რაც ქვეყანას დაეხმარებოდა. მათი უმრავლესობა საერთოდ აცდენილი იყო დებატების შინაარსს. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანაა. მაგრამ ერთია კრიტიკა და მეორეა მავნებლობა.

დღევანდელი ოპოზიციის მთავარი მავნებლობაა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის სიძულვილით სავსეები ისე გადახვედით ქვეყნის დაზიანებაზე, რომ ზღვარი ვერც შენიშნეთ და ახლაც მთელი მონდომებით აგრძელებთ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლას”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები