ირაკლი კობახიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციას
აშშ-ის საელჩოსგან ამ შინაარსის განცხადება როდესაც ვრცელდება, ეს არის დადასტურება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და ბრალს სდებდა დანაშაულში ამერიკის საელჩოს, რაც არის სრულიად მიუღებელი მოვლენა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საელჩოს განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციას.
„ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ისაა, რასაც ვამტკიცებდით ჩვენ. 2012 წლამდეც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო უმძიმესი რეჟიმი მათ შორის სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა სასამართლო სისტემას და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება უკვე იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო არის მთლიანად რეფორმირებული. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ამ განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.