კომუნიკაციების კომისიისა და სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიამ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. სომეხ კოლეგებს კომუნიკაციების კომისიის წევრები და თანამშრომლები შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარეგულირებლებს შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა მოაწერეს.

მხარეები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივის ფარგლებში არსებულ კანონისა და რეგულაციების მიხედვით კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის მარეგულირებლები მაუწყებლობის რეგულირების სფეროსა და მედიაწიგნიერების მიმართულებით ორმხრივ შეხვედრებზე, კონსულტაციებზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ექსპერტულ დახმარებაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.

აღნიშნულ თემებზე ასევე გაიმართა დისკუსია, სადაც კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა კოლეგებს აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის პროექტები, საქმიანობა და გეგმები გააცნეს. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრ ივანე მახარაძესთან ერთად TV-Radio Armenia-ს ხელმძღვანელობა ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ, სადაც სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის საქმიანობა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები