უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს.
„ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს, რათა მიღწეული იქნეს სამშვიდობო შეთანხმება.