ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი –  ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა.

ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა მზაობა, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

შეხვედრისას, პრემიერმინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები