გურამ მაჭარაშვილი: მოსამართლე ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული – მაშინაც, როდესაც ეს მოსწონს ოპოზიციას და მაშინაც, როცა მოსწონს ხელისუფლებას
,,შეიძლება, პოლიტიკური დღის წესრიგი გქონდეს, მაგრამ არ შეიძლება, ტყუილებზე ააგო ეს, რადგან, მინიმუმ, ამას საზოგადოება კარგად ხედავს – ირაკლი კობახიძის განცხადება მტკივნეულ ადგილას მოგხვდათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციის რიტორიკის, რომ თითქოს სასამართლო სისტემა მხოლოდ ერთ ინტერესზეა მორგებული, აღარავის სჯერა.
„ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თამაზ ურთმელიძე, რომელიც იყო მოსამართლე, პენიტენციურ სამსახურში გადაიყვანეს. ეს ტყუილია და ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლე უნდა იყოს დაცული. დიახ, მოსამართლე ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული – მაშინაც, როდესაც ეს მოსწონს ოპოზიციას და მაშინაც, როცა მოსწონს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, თქვენი ეს ნარატივი, რაც გამოიცნო „ქართულმა ოცნებამ“, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულეთ იმაში, რომ მიუღებელი პრინციპი გამოიყენა – თქვენი ორმაგი სტანდარტები უკვე კარგად ჩანს.
სასამართლოს გადაწყვეტილება თუ თქვენი კოლეგების სასარგებლოდაა, მაშინ კარგია, მაგრამ თუ არის დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენი, მაშინ სასამართლო სისტემა არ ვარგა. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები და ამის აღარავის სჯერა.
პარლამენტში ხართ, გაქვთ სურვილი და ამბიცია, იყოთ ოპოზიციაში, მაგრამ ხალხს კარგად ესმის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მოიწონა სწორი პოლიტიკა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას. რაც თქვენ არ მოგწონთ, ის მოსწონს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, თქვენს ბევრ ამომრჩეველსაც კი. ამიტომ, იმ რიტორიკის, რომ თითქოს სასამართლო სისტემა მორგებულია მხოლოდ ერთ ინტერესებზე – აღარავის სჯერა. სწორია ის რიტორიკა, რომ სახელმწიფოში მოსამართლე უნდა გრძნობდეს თავს დამოუკიდებლად, ეს უნდა იყოს ყველას ინტერესში და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.