გია ვოლსკი: პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება გვაქვს, რომ საზოგადოებას ჩვენი პოზიცია მივაწოდოთ და შემდეგ გადაწყვიტონ, ვის დაუჭერენ მხარს
ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ყველა ეტაპზე – დაწყებული ასოცირების წევრობიდან, შემდეგ იყო თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ოპოზიციის ძალისხმევა მიმართული იყო იქით, რომ ეს გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციაზე დებატები მნიშვნელოვანი საინფორმაციო ველი იქნება საზოგადოებისთვის.
“ამ თემაზე დაგეგმილია პოლიტიკური დებატები პარლამენტში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საინფორმაციო ველი ჩვენი საზოგადოებისათვის. ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ – საზოგადოებას, სადაც განსხვავებული აზრები შეიძლება, იყოს მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება გვაქვს, მათ მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია და შემდეგ გადაწყვიტონ, ვის დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. მისივე თქმით, დებატები, სავარაუდოდ, ხუთი საათისთვის დაიწყება და ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.