დავით ნარმანია რიყის განვითარების პროექტის გადახედვას გეგმავს
თბილისის მერია რიყის განვითარების პროექტის გადახედვას გეგმავს. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შეისწავლიან როგორც ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, ასევე კონსტრუქციების უსაფრთხოების საკითხებს.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ნარმანია თბილისში სამშენებლო ნებართვების გაცემაზე კონტროლის გამკაცრებას ასახელებს.
„რიყეს, რა თქმა უნდა, დამატებით განვითარება სჭირდება, ხოლო არსებული მშენებლობა, ე.წ. მილები არის ძალიან უსახური და მან რიყის ძალიან დიდი ნაწილი დაიკავა, დაიკარგა რიყის თავდაპირველი იერსახე. აქედან გამომდინარე, ამას დამატებითი შესწავლა სჭირდება, ამიტომ ერთ-ერთი დავალება, რომელიც უახლოს მომავალში ჩემს მიერ გაიცემა, იქნება ამ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლა – მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით, შენობა-ნაგებობების მდგრადობასთან დაკავშირებით და ა.შ.“, – განაცხადა ნარმანიამ “მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
დედაქალაქის მერი, რომელიც მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა, აცხადებს, რომ არა მხოლოდ რიყის, არამედ ძველ თბილისში მიმდინარე სხვა მშენებლობებიც იქნება შესწავლილი.