მეუფე შიო: ყველა ადამიანის გულთან პოულობს ღმერთი გზას და მზად არის, ყველას გაუწოდოს დახმარების ხელი, თუ ადამიანი ამას მოისურვებს, ეძიებს ღმერთს და ჭეშმარიტებას
“ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანის გულთან პოულობს ღმერთი გზას და მზად არის, ყველას გაუწოდოს შეწევნის, დახმარების ხელი, თუ ადამიანი ამას მოისურვებს, ეძიებს ღმერთს და ჭეშმარიტებას”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირა დღეს ეწოდება სამარიტელის კვირა. ეს არის მეხუთე კვირა აღდგომიდან. დღეს ასევე გახლავთ წმინდა ნიკოლოზის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედის ხსენება, ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა, წმინდისა წინასწარმეტყველისა ისაიასი. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წაკითხულია სახარება, რომელიც დიდად გვაიმედებს ჩვენ, როგორც ყოველთვის და გამოაჩენს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ღმერთისთვის ყოველი ადამიანი, რამდენად ლმობიერი და მოწყალეა უფალი ადამიანის უძლურებისადმი.
დღეს არის მოთხრობილი უფალ იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. უფალს მოუწია სამარიაში გავლა თავის მოციქულებთან ერთად და აი, იაკობის ჭასთან შეხვდება ამ სამარიტელ ქალს. ამ ქალს თითქოს ყველაფერი აქვს არასწორად, სარწმუნოებაც არაჯეროვანი აქვს. თქვენ გახსოვთ, სამარიტელები ნახევრად წარმართები იყვნენ. იმჟამინდელი ებრაელების აზრით, ეროვნებაც უჯერო, არასწორი, არასათანადო ჰქონდა, იმიტომ რომ სამარიტელები არ იყვნენ სუფთა ებრაელები. ზნეობრივი ცხოვრებითაც არ იყო მთლად სახარბიელო, იმიტომ რომ, გახსოვთ, უფალი ეტყვის, – ხუთი ქმარი გყავდა შენ, ახლა მეექვსე ვინც გყავს, არც ის არის ქმარიო. აი, ასეთ ქალთან საუბრობს მაცხოვარი, ელაპარაკება ისეთ საკითხებზე, რომლებზეც თვით მოციქულებთანაც არ უსაუბრია აქამდე.
როგორც ყოველთვის, უფალი აი, ამ მდგომარეობაში ისე მოქმედებს, რაც უჩვეულო იყო ხალხისთვის. შეგახსენებთ, რომ გზაზე, მგზავრობის დროს მამაკაცი რომ ქალს დალაპარაკებოდა, ეს სრულიად მიუღებელი იყო. გარდა ამისა, სამარიტელებს ებრაელები საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ. არათუ არ ელაპარაკებოდნენ, არამედ სამარია, ხომ გახსოვთ, მდებარეობდა იუდეასა და გალილეას შორის, და აი, სამარიაში რომ არ შესულიყვნენ, იმიტომ რომ სამარიტელებთან საერთოდ არ ელაპარაკათ და არ შეხვედროდნენ მათ, უზარმაზარ, რამდენიმე კილომეტრიან წრეს აკეთებდნენ ამისთვის ებრაელები, როდესაც მგზავრობდნენ. და აი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, უფალი ამ სამარიტელ ქალს ესაუბრება.
აქედან ჩანს, რომ ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანის გულთან პოულობს ღმერთი გზას და მზად არის, ყველას გაუწოდოს შეწევნის, დახმარების ხელი, თუ ადამიანი ამას მოისურვებს, ეძიებს ღმერთს და ჭეშმარიტებას. და აი, ამ ქალში უფალმა ეს დაინახა. ეს რომ დასტურდება? – რომ ამ საუბრის შემდეგ ეს დედაკაცი ტოვებს თავის ჭურჭელს, გარბის თავის ქალაქში და თავის თანამოქალაქეებს უზიარებს იმ სიხარულს, რომელიც მან მიიღო ქრისტეს სწავლებიდან და ყველას მოუთხრობს, რომ „აი, მე მესია ვნახე“. შემდეგ ის ქალაქელებიც, ის ხალხიც უფალს აღიარებს, როგორც მესიას. ამრიგად, მიუხედავად მისი ასეთი ცხოვრებისა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად წარმართი იყო, მისი გული მაინც გაიხსნა, მან მიიღო უფალი, აღიარა და ამიტომ ეღირსა ასეთ დიდ სისავსეს სწავლებისა და ურთიერთობისა თავად მაცხოვართან. თვითონ უფალი პირდაპირ ეტყვის, რომ „მე ვარ მესია“. როდესაც ეს ქალი ჰკითხავს, აი, ჩვენ ვიცით, რომ მესია უნდა მოვიდეს, რომელიც გვაუწყებს ყველაფერს, უფალი პირდაპირ, ყოველგვარი იგავებისა და ალეგორიების გარეშე ეტყვის: „მე ვარ მესია!“ გარდა ამისა, ესაუბრება იმაზე, რომ ღმერთი არის სული, რომ თაყვანისცემა გვმართებს ჩვენ სულითა და ჭეშმარიტებით. უფალი ასევე ეტყვის, რომ მას აქვს ცოცხალი წყალი, რომელსაც ვინც შესვამს, არასდროს, უკუნისამდე არ მოსწყურდება, რომ ეს წყალი გადაიქცევა მასში წყაროდ, რომელიც მიმყვანებელი იქნება ცათა სასუფეველში.
აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ეუბნება ამ ქალს. რა წყალზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე? რა არის ის ცოცხალი წყალი, რომელიც ცათა სასუფეველში მიედინება და მივყავართ ჩვენ? ჩვენ ყველას გვეუბნება ამას. ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ძალა ღვთისა; ძალა ღვთისა, რომელიც შემძლებელია, დაძლიოს ბოროტება, რომელსაც შეუძლია ფერი უცვალოს ადამიანის ცხოვრებას და შეუძლია, დაამარცხოს სიკვდილიც. ჩვენ ამ ძალას ვუწოდებთ საღვთო მადლს, მადლის ძალას. აი, ამ მადლზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან.
თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ შემდგომ ეს ქალი მოინათლება ფოტინეს სახელით და მოწამე გახდება, ქრისტეს მქადაგებელი იქნება და ქრისტესთვის ეწამება. ეკლესიის სწავლებიდან ვიცით, რომ ეს საღვთო მადლი არ არის შექმნილი ძალა, არამედ მარადიულად ღმერთთან მყოფი ძალაა, თვით ღმერთის მოქმედებაა. და უფლის სიყვარულით როცა ის მიენიჭება ადამიანს, აი, ამ ძალით, ამ მადლით ადამიანი უერთდება ღმერთს და, რა თქმა უნდა, ეს მიმყვანებელია სასუფეველთან ადამიანისა. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი არსი ქრისტიანული ცხოვრებისა – ეს არის სწორედ ამ მადლის მოხვეჭა და მოპოვება. ამაზე წერდნენ დიდი მამები: წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა გრიგოლ პალამა, ანტონი დიდი და სხვები, რომ სწორედ ეს არის მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა, სულიერი პრაქტიკის და ა.შ. და რომ სწორედ ამიტომ განკაცდა მაცხოვარი, ამიტომ მოვიდა დედამიწაზე, რომ ეს მადლი მოგვცეს, ამიტომ დაითმინა ჯვარცმა და დაფვლა, რომ მოგვცეს, მოგვანიჭოს ჩვენ ეს საღვთო მადლი.
უფალი თვითონ საუბრობს ამ მადლზე, მოციქულებს ეტყვის, რომ „მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა თქვენზე სულიწმიდა“. სხვაგან ამბობს ასევე, რომ „თქვენთვის უმჯობესია, მე წავიდე, რომ ნუგეშინისმცემელი მოვიდეს თქვენთან. და თუ მე არ წავალ, იგი არ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ თქვენ ნუგეშინისმცემელს“. თვითონ მაცხოვრის სიტყვებია.
აი, ასეთი შესანიშნავი სახარებაა დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. დღეს ჩვენ ვდგავართ აი, იმ ჭასთან სამარიტელ დედაკაცთან ერთად, მოციქულებთან ერთად და ვუსმენთ უფალ იესო ქრისტეს; ვდგავართ იმ დიდ მოღვაწეებთან ერთად, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ესწრაფოდნენ აი, ამ ცოცხალი წყლის შესმას, მაცხოვართან ყოფნას და ამ მადლის მოხვეჭას, ისეთ წმინდანებთან ერთად, რომელთა ხსენებაც დღეს არის – წმინდა ნიკოლოზი, ღირსი შიო მღვიმელი, ისაია წინასწარმეტყველი და სხვები. და ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი გულებიც გავხსნათ, როგორც ამ სამარიტელმა, იმისთვის, რომ ეს ცოცხალი წყალი შემოედინოს ჩვენს სულში, რამეთუ ამ მადლთან და ძალასთან ერთად შემოდის ყოველივე აღმატებული, ყოველივე უმჯობესი და უაღმატებულესი, უძვირფასესი ადამიანისთვის. ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში და მხოლოდ აი, ამ მადლით შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავში იპოვოს სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ.