მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდნენ
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ლევან ქარუმიძე ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს, გუნტერ კრიხბაუმსა და საგარეო საქმეთა კომიტეტში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობისთვის გაკეთებული განაცხადისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ მოკლე ვადაში შეძლო ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის შევსება. მან ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი, გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისადმი მკაფიო და მტკიცე მხარდამჭერი გზავნილების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებასა და მომავალი საფრთხეების პრევენციას შეუწყობს ხელს.
ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ ჰოფრაიტერის ინიციატივით, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს საკითხი განსახილველად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კომიტეტის სხდომაზე მიიწვია.