მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როტს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როტს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ბერლინის განსაკუთრებულ როლზე. ხაზი გაესვა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველო, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ პოლიტიკური მხარდამჭერი გზავნილების მნიშვნელობას.

მიხაელ როტმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. აღნიშნა, რომ გერმანია შემდგომშიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების პროცესში.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და გერმანიის ბუნდესტაგს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები