მივესალმები კონგრესს, რომელმაც მსოფლიოს მკაფიო ორპარტიული მესიჯი გაუგზავნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგას და იცავს მათ დემოკრატიას და თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეერთებული შტატების სენატის მიერ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკა მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კვლავ გააგრძელებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, სურსათისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინისთვის.
„რესურსი, რომელიც მე მოვითხოვე, მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა გავუგზავნოთ უკრაინას, შევავსოთ საკუთარი მარაგი და მხარი დავუჭიროთ ნატოს ტერიტორიაზე განლაგებულ აშშ-ის ჯარებს. და, მინდა მადლობა გადავუხადო სენატორ შუმერს, სპიკერ პელოსის, სენატორ მაკკონელს და სენატორ მაკკარტს ამ კანონპროექტის სწრაფად მიღებისთვის იმის უზრუნველყოფისთვის, რომ არ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსების შეფერხება. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, სურსათისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინისთვის, რეგიონში და მთელ მსოფლიოში და კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას – როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ლიდერმა.
მისი თქმით, სენატის მიერ უკრაინისთვის მიღებული მორიგი დახმარების პაკეტი ფრონტის ხაზზე გაიგზავნება და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ.
„ჩვენ, უკრაინას დღემდე უსაფრთხოების ისტორიული დახმარება გავუწიეთ და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დამატებითი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარებას. დღეს კი ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას, რომელსაც ისინი უკვე ასე ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე. ეს იარაღი და აღჭურვილობა პირდაპირ წავა უკრაინაში თავისუფლების ფრონტის ხაზზე და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დაამტკიცა.