პუტინის ქალიშვილის რჩეული და მისი შვილის მამა გვარად ზელენსკია
ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან, სავარაუდოდ, ოჯახი შექმნა.
ამის შესახებ „მნიშვნელოვანი ისტორიებისა“ და Der Spiegel-ის ერთობლივ საგამოძიებო მასალაშია ნათქვამი.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კატერინა ტიხონოვა მიუნხენში 50-ზე მეტჯერ ჩაფრინდა. სწორედ ამ ქალაქში 2016 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს იგორ ზელენსკი.
ჟურნალისტებმა ასევე მოიპოვეს კატერინა ტიხონოვას, სავარაუდოდ, პირადი მცველის ელექტრონული ფოსტის მონაცემები, რომელთა შორის არის ტიხონოვას, ზელენსკის და, სავარაუდოდ, მათი ქალიშვილის პასპორტები, რომელიც 2017 წელს დაიბადა.
მედიის ცნობით, პასპორტში ბავშვის მამად იგორ ზელენსკია ჩაწერილი.
Der Spiegel-ს ბავარიის ბალეტში ზელენსკისთან დაკავშირებით უთხრეს, რომ “ის, სავარაუდოდ, პუტინის ქალიშვილის პარტნიორია”.
2018 წლიდან ზელენსკი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის რეგიონებში კულტურული და საგანმანათლებლო კომპლექსების მშენებლობაზე. პროექტი პირადად პუტინის ინიცირებული იყო.
ზელენსკიმ ბავარიის ბალეტი 2022 წლის აპრილში დატოვა.
მედია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მას სამსახური დაატოვებინეს, რადგან საჯაროდ უკრაინაში რუსეთის ომი არ დაგმო.