“კარასინმა მითხრა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთების მიმართულებით მოსკოვი ნაბიჯებს არ დგამს” – ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს მოსკოვს აცნობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რეფერენდუმის მიმართ თბილისის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ.
ამის შესახებ აბაშიძემ “ტასს” განუცხადა.
„გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა გრიგორი კარასინთან. განვიხილეთ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. მოვახსენე საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. კარასინმა თქვა, რომ მისთვის ცნობილია ქართული მხარის უარყოფითი რეაქცია. მან აღნიშნა, რომ მოსკოვში ესმით ამგვარი დამოკიდებულება და რომ მოსკოვი ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს“, – განუცხადა TASS-ის კორესპონდენტს აბაშიძემ.