ირაკლი ბერაია საქართველოში “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” დესპანს, დანიელ მაკსვინის, საქართველოში “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზის და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა “წითელი ჯვარის” საქმიანობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა სფეროში ახორციელებს.
შეხვედრაზე, მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა საერთაშორისო კომიტეტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ირაკლი ბერაიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.