მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ, 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერასვროგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში, ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას.

უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე – მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) – ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი – ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები