თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიკური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი – ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი – მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.