მიხეილ სააკაშვილი: “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა, რომ მთელი გეგმები ჩავუშალე

   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, პატარკაციშვილი საქართველოში რუსეთის დავალებებს ასრულებდა. მისივე თქმით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა მას უთხრა, რომ მთელი თავისი გეგმები ჩაუშალა. ყოფილმა პრეზიდენტმა სამი ფაქტიც მოიყვანა, რაც, მისი თქმით, მოწმობს, რომ პატარკაციშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.
“რუსეთში მას არ უშვებდნენ, მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული, ამიტომ მას მუდმივად სტუმრობდნენ რუსეთიდან. იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი – ივანოვი რომ თბილისში იყო ჩამოსული, მთელი ღამე ბადრის სახლში გაატარა. 2007-ში დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა შემატყობინა (დრო მოვა და ვიტყვი რომელმაც, არ მინდა ახლა პრობლემები შევუქმნა), რომ მის ქვეყანაში პატარკაციშვილი რამდენჯერმე შეხვდა ეფესბეს ორ გენერალს, სადაც ჩავიდა როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. როცა პატარკაციშვილს ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, უპასუხა – პუტინი თქვენს ლიდერს ეტყვისო. ამის მერე პუტინი მართლაც შეხვდა ამ ლიდერს და რომ ჰკითხა, უპასუხა – მალე პატარკაციშვილი იქნება საქართველოს ლიდერი და დაამხობს სააკაშვილსო. მეორე ფაქტი – ფედერალური გამოძიების ბიურომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ უსოიანი და კიდევ ორი კანონიერი ქურდი ერევანში იმ ხალხს შეხვდა, ვინც ვიცოდით, რომ ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლები იყვნენ. მესამე – 2007 წლის მოვლენების წინ, 2 თვით ადრე პატარკაციშვილს ძალით, ძალიან მაღალ ფასად – 350 მილიონ დოლარად (ამდენი არ ღირდა) გააყიდინეს გაზეთი “კომერსანტი”. რუსეთში აქტივებს კრემლის გარეშე ვერავინ ვერ ყიდის”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა 2007 წლის მოვლენების გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.
“თუ გავყვებით იმას, რამ მიგვიყვანა 2007 წლის მოვლენებამდე, ყველაფერი ძალიან მარტივია – 2004 წლიდან, როგორც კი რუსეთი მიხვდა, რომ არ ვხუმრობთ და მართლა ვაშენებთ სახელმწიფოს, პუტინს ჩაერთო “სიგნალიზაცია” – მან განგაში გამოაცხადა. ამის მერე ერთ დივერსიას მოჰყვა მეორე – იყო 2004 წლის ცხინვალის მოვლენები, სრული ენერგეტიკული ემბარგო, სრული ეკონომიკური ემბარგო, ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია რუსეთიდან, 2007 წელს კი მოსკოვმა ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი პატარკაციშვილი აგვიმოქმედა. სხვათა შორის, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მას შევხვდი და მითხრა, შენ ჩამიშალე ჩემი გეგმებიო – პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, როცა ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და უთხრა, მიშას უნდა მოსვლაო – 2003 წლის დეკემბერზე ვსაუბრობ. რომ მივედით, ჩემი დაცვა უკან დატოვეს, მე მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, თვითონ კი ფეოდალივით გამოვიდა და მითხრა შენ ჩამიშალე გეგმები რაც მქონდა ამ შენი გამოხტომებითო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები