კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა მას შემდეგ, რაც ის სამი თვის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიხურა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად განვაახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში. უკრაინელმა ხალხმა, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი დახმარებით, დაიცვა თავისი სამშობლო რუსეთის არაკეთილსინდისიერი შეჭრის ფონზე და, შედეგად, საელჩოს თავზე შეერთებული შტატების დროშა ფრიალებს. ჩვენ ამაყად ვაგრძელებთ უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას კრემლის სასტიკი აგრესიული ომისგან“, – განაცხადა ბლინკენმა.